20 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
„პანკისობა 2018“-ის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა - ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

„პანკისობა 2018“-ის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. ამის მიზეზად კი ადგილობრივი ხელისუფლება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის პროტესტს ასახელებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პანკისში დაგეგმილი ღონისძიებები დილიდან გააპროტესტეს.

ოჯახის წევრების თქმით, ადგილი, სადაც "პანკისობა 2018"-ის აღნიშვნა იგეგმებოდა, თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავისგან რამდენიმე მეტრის მოშორებითაა, რაც მათთვის მიუღებელია.

ცოტა ხნის წინ მოხდა ასევე მცირე ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთი საჯარო მოხელის ავტომანქანა მოზარდებს შეეჯახა, თუმცა, არცერთი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო.

პანკისობის დღესასწაულისთვის დაგეგმილი იყო ასევე დოღის გამართვა, თუმცა, ადგილობრივმა მხედრებმა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე. დღესასწაულისთვის გაშლილი პავილიონები უკვე ალაგებულია.

პანკისში ღონისძიებების ჩატარებას ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად აპროტესტებდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ხელისუფლებას პანკისში საზეიმო ღონისძიებების ჩატარების მორალური უფლება არა აქვს იმ ფონზე, როდესაც თბილისში შვილმოკლული მშობლები აქციას მართავენ და მათი საქმეები კვლავაც გამოუძიებელია.

დღეს, 2 საათზე, ძველ მეჩეთთან იგეგმება აქცია, რომელსაც ორგანიზებას მალხაზ მაჩალიკაშვილი უწევს.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი  

 

დღის ამბები