სანდრა რულოვსი ზუგდიდის ქუჩებში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მთელი დღის განმავლობაში ენმ-ის შტაბთან ერთად იყო ჩართული და მოსახლეობის შეკითხვებსაც პასუხობდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მზად არიან, ცვლილებები მოხდეს არჩევნების გზით. მოსახლეობის თქმით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე იმყოფებიან.
სანდრა რულოვსის განმარტებით, ადგილობრივებმა ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე დაუსვეს.
რულოვსი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობაზე ესაუბრა.
“უკვე ქვეყანა იშლება, ბევრი იძახის, მთავრობა არ გვყავსო. ხალხი მიშას ჩამოსვლას და მის დახმარებას ითხოვს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ძალა, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა. იდეალური გზა არის ზუსტად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერა," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერ ფლაერებს, სანდრა რულოვსთან და სხვა წევრებთან ერთად, არიგებდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეც.