„კორუფციას ჩვენ, ბუნებრივია, არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც კორუფციასთან დაკავშირებით, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე, ამაში აუცილებლად საჭიროა ჩაძიება,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძე ომეგა ჯგუფის საქმის ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები ფიგურირებს, რომლებიც ბიზნესზე სახელმწიფოს სახელით რეკეტს ახორციელებდნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხდა ქვეყანაში ელიტური კორუფციის აღმოფხვრა და მისთვის მიუღებელია ამ სკანდალურ საქმესთან პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის სახელის დაკავშირება.
სკანდალურ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ სხვა გვარებზე კი, სადაც ფიგურირებენ ყოფილი მინისტრები - ნოდარ ხადური და დიმიტრი ქუმსიშვილი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ საქმით.
„მე ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენ ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია ყვაოდა საქართველოში 2012 წლამდე და სწორედ მისი პრინციპების წყალობით რადიკალურად შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის მართვის პრინციპები. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ეს არის მისი პრინციპების დამსახურება. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ გვარს, ეს არის ჩასაძიებელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ, პარლამენტი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ასევე დავინტერესდებით, რა თქმა უნდა, ამ საქმით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.