19 აპრილი 2024,   04:37
ვრცლად
გვითხრეს, რომ არის ჰორნერის სინდრომი, ჰორნერის სინდრომი შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნით - მერაბიშვილის ადვოკატები ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზის დადგენას ითხოვენ

ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სასჯელაღსრულების განცხადებას ეხმაურება. გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ უწყების განცხადება, სადაც ვანო მერაბიშვილის დიაგნოზსა და მისი მკურნალობის შესახებ არის საუბარი, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს არჩენს. ჩივიაშვილის თქმით, უწყება ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს.

მისივე განცხადებით, ამ დრომდე ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის პრობლების გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.

"აბსოლუტურად არ შეესაბამება ეს განცხადება სიმართლეს და ეს თავად მათ განცხადებაშივეა ნათქვამი.

მათ გვითხრეს, რომ არის ჰორნერის სინდრომი, სპეციალისტებს როდესაც ვკითხეთ რას ნიშნავს ჰორნერის სინდრომი, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის სიმსივნით, ფილტვის ან ხერხემლის ტვინის სიმსივნით. ჩვენ ისინი უბრალოდ გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი და არის რინიტი, მაგრამ აი ეს ჰორნერის სინდრომი რით არის გამოწვეული პასუხი არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ორი თვის წინ, როცა გვეუბნებოდნენ რომ მას სჭირს თვალის გარსის ანთება, აღმოჩნდა რომ ეს არ ყოფილა ასე. ყოფილა თურმე ჰორნერის სინდრომი, რომლის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ გვაქვს.

უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა, იმიტომ რომ თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდიან. როგორ ორი თვის წინ სხვა დიაგნოზი იყო, თვენახევრის წინ სხვა დიაგნოზი იყო და ახლა სხვა დიაგნოზია?

ბუნებრივია, ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობების, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამოკვლევა, დავაკვირდებით რა იქნება სწორი დიაგნოზი და როგორ მოხდება მისი მკურნალობა,“-ამბობს ჩივიაშვილი.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 

პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. ​ უწყების ცნობით, მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.

უწყებამ გაასაჯაროვა დიაგნოზიც, რომელიც მერაბიშვილს ექიმებმა დაუსვეს. განცხადებაში წერია, რომ ყოფილ პრემიერს ვაზო-მოტოვრული რინიტი და ჰორნერის სინდრომი აქვს.

დღის ამბები