13 დეკემბერი 2018,   04:37
ვრცლად
ცილისმწამებლური განცხადებები - გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს პასუხობს

„ცილისმწამებლური განცხადებები“ - ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს.

გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ კახაბერ ხარჩიძის და თამარ ხაჭაპურიძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შემხებლობა არ აქვს. მიქაუტაძის თქმით, ის არ მონაწილეობდა აღნიშნული საქმის განმხილველი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის უვადო მოსამართლედ გამწესების პროცედურაში.

„არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ეს ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც გვესმის. ბატონი ხვიჩას გამწესებას რაც შეეხება, მე ამ პროცედურებიდან აცილებული ვიყავი და მონაწილეობა არ მაქვს მიღებული მისი მოსამართლედ გამწესების საკითხში. მე 10-წლიანი ვადით ვარ გამწესებული და ეს ვადა ნელ-ნელა იწურება და მე მაქვს სურვილი, რომ გავაგრძელო ჩემი კარიერა სასამართლო სისტემაში და მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვიყო უვადოდ გამწესებული,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

საქმე ეხება კახაბერ ხარჩიძის და თამარ ხაჭაპურიძის საქმეს, სადაც მიქაუტაძე დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს. ჯანეზაშვილი ამტკიცებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხვიჩა კიკილაშვილმა გამოიტანა, მიქაუტაძის ზეწოლით იყო განპირობებული. 

კიკილაშვილი უვადო მოსამართლეა და ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მის უვადო მოსამართლედ გამწესებისთვის საჭირო გასაუბრებას გიორგი მიქაუტაძეც ესწრებოდა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები