20 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა... ნაცმოძრაობა მიიღებს საკადრის პასუხს  - ირაკლი კობახიძის ბრალდებები "ნაციონალურ მოძრაობას"

წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციები, მხარდამჭერთა გაყალბებული სიები და მანიპულაციები საარჩევნო დაფინანსებისა და საეთერო დროის მოსაპოვებლად - მმართველი გუნდი ოპოზიციას პოლიტიკურ ბრალდებებს უყენებს და საარჩევნო კამპანიის ბინძური მეთოდებით წარმართვაში ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი დღეს ოპონენტების შეფასებისას გამორჩეულად მწვავე იყო.

„ჩვენი საარჩევნო ოპონენტები წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციაზე. ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ.

"განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფონზე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უნდა გახდეს პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირი და რომელიც არ უნდა ემსახურებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. ამ სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მედია. ვუზრუნველყოფთ დიპლომატიური კორპუსისა და დამკვირვებლების პერმანენტულ ინფორმირებას კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, იმ ქმედებების შესახებ, რომელიც არის ძალიან შორს ევროპული პრაქტიკისგან.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, საზოგადოების თანადგომით პირველივე ტურში გაიმარჯვებს. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, ის კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრის პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით,“-ამბობს კობახიძე.

დღის ამბები