25 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
ჰორნერის სინდრომი, რომელსაც მოწამვლაც იწვევს - ვანო მერაბიშვილის ადვოკატები დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენას ითხოვენ

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. მედიკოსები ჰორნერის სინდრომზე საუბრობენ და უკვე თვეებია ვერ ადგენენ მის გამომწვევ მიზეზებს. არადა სინდრომს, რომელიც უკავშირდება ნერვული სისტემის გამტარობის დაზიანებას, იწვევს ინსულტი, ფილტვის კიბო, აორტის დაზიანება, ხერხემლის დაზიანება და კიდევ უამრავი სხვა სამედიცინო პრობლემა - მათ შორის მძიმე მოწამვლაც. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატები კატეგორიულად მოითხოვენ განმარტებებს სწორედ მერაბიშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ და საზღვარგარეთ კომპლექსური გამოკვლევების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დაავადების პროვოცირება ხელოვნური ინტოქსიკაციით მოხდა.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე დამატებითი კვლევების ჩატარებას უწყებას საჭიროდ აღარ მიიჩნევს.  მინისტრს მერაბიშვილის ადვოკატები რამდენიმე კვირაა მსჯავრდებულის კლინიკაში გადაყვანას უშედეგოდ ითხოვენ.

ე.წ. მარტროსოვის ციხის სამარტოო საკანში ვანო მერაბიშვილს დღეს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი შეხვდა. ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, ბერმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა მძიმეა და ეს ყოფილ პრემიერს გარეგნულადაც ეტყობა.

ვანო მერაბიშვილის დაავადების გამომწვევ მიზეზებზე პასუხს ხელისუფლებას სთხოვს საპარლამენტო ოპოზიციაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები