25 აპრილი 2024,   08:18
ვრცლად
ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი - კონკურსის გამოცხადებიდან პირველივე დღეს, პროექტს კრიტიკოსები ჰყავს

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტისთვის კონკურსი გამოცხადდა. მასშტაბური სამუშაოებისთვის 1 კომპანია უნდა გამოვლინდეს თუმცა, კონკურსის გამოცხადებიდან პირველივე დღეს, პროექტს კრიტიკოსები ჰყავს. ძირითადი საკონკურსო პირობები მკაცრად გაწერილია, სწორედ ეს ვალდებულებები გახდა უკმაყოფილების მიზეზი, რის გამოც გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ქალაქის მთავარი პარკის რეაბილიტაცია არასწორად ჩატარდება. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, 90 დღე რეკრეაციული პროექტის შესადგენად ძალიან ცოტაა.

კონკურსი დღეს გამოცხადდა, მსურველებმა განაცხადების წარდგენა 5 დღეში უნდა მოასწრონ, 90 დღის განმავლობაში კი დეტალურად გაწერილი დოკუმენტი შეადგინონ, რომელიც ვაკის პარკის ინფრასტრუქტურის გარდა, ლანდშაფტის რეაბილიტაციასაც მოიცავს. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი კი იმ ისტორიული შადრევნის რეაბილიტაცია იქნება, რომელიც ვაკის პარკის მთავარი სავიზიტო ბარათია. სპეციალისტები სწორედ ამის გამო ვარაუდობენ, რომ მერიამ კონკურსი ერთი რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ, წინასწარი გეგმის მიხედვით გამოაცხადა.

სპეციალისტების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ მერიაში. მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ პარკის რეაბილიტაციის პროექტირების ვადები საკმარისია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათი გადახედვა არ არის გამორიცხული.

 

დღის ამბები