24 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
"რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე კონფლიქტი მთავარი გამოწვევაა მშვიდობისთვის ჩემს ქვეყანაში - საქართველოში" - პრემიერი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მამუკა ბახტაძე მშვიდობის სამიტზე, სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე- “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ისაუბრა.

პრემიერმა  ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას საქართველო კონსტრუქციული ჩართულობითა და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით პასუხობს.

„რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე კონფლიქტი მთავარი გამოწვევაა მშვიდობისთვის ჩემს ქვეყანაში - საქართველოში. შედეგად ასობით ათას ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. მათი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება და დანარჩენ სამყაროს არიან მოწყვეტილნი, განიცდიან ეთნიკურ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. 21-ე საუკუნეში კვლავ ვართ მავთულხლართების აღმართვის მომსწრენი, რომლებიც ოჯახებს შუაზე ყოფს. გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით ვპასუხობთ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ხმა მივაწვდინოთ. ამ განზრახვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის აპრილში მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გამოაცხადა . მის ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად კონფლიქტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები