„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შავი ფულით შესაძლო დაფინანსებას ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობენ. მათი თქმით, მმართველ პარტიაში შავი ფული ტრიალებს და გარდა ამისა, ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა ხდება.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
"ეს არის უმძიმესი დანაშაული. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის იყო ცუდი პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლებას ბიზნესი აფინანსებდა. მაგრამ ის, რომ მას მთელი ბრუნვიდან წილი მოეთხოვა არის წარმოუდგენელია. ერთი კონკრეტული პარტიის შავი, ბნელი დაფინანსების ინსტრუმენტი მთლიანად ეკონომიკურ პრობლემა გადაიქცა. ეს არის სასწრაფოდ გამოსაძიებელი, უნდა დაისაჯოს ამ სქემაში მონაწილე ყველა პირი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ხელისუფლების ოპონენტებს საქმის ობიექტურად გამოძიების და დამნაშავეების დასჯის იმედი არ აქვთ.
„ღიმილის მომგვრელია, რომ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები გამუდმებით საუბრობდნენ ელიტურ კორუფციაზე, ბენზინიდან მოპარულ ლარზე. ვერცერთი ეს ბრალდება ვერ დაამტკიცეს, მაგრამ, თავად საკუთრი წარმოდგენები, რაც ჰქონდათ, ჩაერთნენ ამგვარ გარიგებებში და ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯიბიდან ფულის ამოღება, იმისთვის, რომ მათი პარტიული აქტივობები დაფინანსდეს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, მმართველი პარტიის დასაფინანსებლად ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ირიცხება. კომპანია, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" ხარკის გადახდაზე საუბრობს, შემომწირველთა სიაში არ არის.