25 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
ფარული ჩანაწერები მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - 10 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

გავლენიანი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს. მესამე სექტორი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით ხედავენ.

არასამთავრობოები იმ სქემაზე საუბრობენ, რომლის მიხედვით, 2,5 თეთრი ყოველი გაყიდული სიგარეტის კოლოფიდან, მმართველი პარტიის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო, რაც „ქართული ოცნების“ შავი ფულით დაფინანსებას ადასტურებს.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ არ შემოწმებულა, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლებას დღემდე არ მოუხდენია სათანადო რეაგირება ამ მასალებზე, ხოლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარები გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით გვაფიქრებინებს, რომ მათ გაცნობიერებული არ აქვთ პრობლემის სერიოზულობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მესამე სექტორის შეფასებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ბოლო დროს გამოვლენილი სავარაუდო კორუფციის ფაქტები, საქმის დროული გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს. 

„საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ საქმის გამოძიება; „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნას მმართველი პოლიტიკური პარტიის სავარაუდოდ არაკანონიერი გზით დაფინანსების საკითხი;

„ხელისუფლების მიერ საჯარო დისკუსიის წამოწყება საქართველოს ანტიკორუფციული სისტემისა და საგამოძიებო ინსტიტუტების რეფორმირების საკითხზე, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია და ეფექტური გამოძიება;

„მოვუწოდებთ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ვისაც შეჰქმნია საჯარო მოხელეებთან თუ თანამდებობის პირებთან კორუფციული ხასიათის პრობლემები, ღიად განაცხადონ ამის შესახებ, რადგან მხოლოდ საჯაროობის შემთხვევაშია შესაძლებელი მათი უფლებების ეფექტურად დაცვა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით,“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები