19 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
ბიზნესის რეკეტით ე.წ. ფონდში 60-80 მილიონ ლარის მობილიზება ხდება - არასაპარლამენტო ოპოზიცია "იბერიას" საქმეზე

სკანდალური აუდიოჩანაწერებისა და სახელმწიფო რეკეტის საქმის დეტალები ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებმა, „ომეგა ჯგუფის” წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წევრებს გააცნეს.

დიპლომატიურ კორპუსს ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა პეტიცია გადასცეს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ ცდილობს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლით დამოუკიდებელი ტელეარხის გაჩუმებას.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩანაწერები, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ხელისუფლების გავლენიანი პირები შავი ფულის მოზიდვას ბიზნესისგან ცდილობენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს თანხა ხელისუფლებას არჩევნებისთვის სჭირდება.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რა მახინჯად მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება და დღევანდელი პოლიტიკური სისტემა.

ჩვენ ამ ჩანაწერში ვხედავთ, რომ არსებობს ე.წ. შავი ფონდი, სადაც ხდება ფულის გადარიცხვა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თამბაქოს ინდუსტრიიდან.

დარწმუნებული ვართ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ანალოგიური სიტუაციაა ნავთობპროდუქტებში.“-ამბობს პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი.

ოპოზიციის წევრების თქმით, მათ ჩანაწერის მიხედვით ის თანხა დათვალეს, რომელსაც ხელისუფლება ბიზნესის რეკეტით ე.წ. ფონდში აგროვებს.

„ჩვენ დავთვალეთ დაახლოებით და გამოვიდა, რომ, თამბაქოს ბიზნესზეა საუბარი, ფონდში შესასვლელი თანხები დაახლოებით 11 მილიონზე ადის. ამას თუ დავამატებთ ნავთობიდან, თქვენ ხედავთ,ფასი როგორ მატულობს და ხელოვნურია ყველაფერი, ასევე სხვა ბიზნესებიდან.

დაახლოებით ადის 60-80 მილიონ ლარამდე. ეს სწორედ ის ბიუჯეტია, რომელიც სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის,“- ამბობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის კახა კუკავას თქმით კი, ყველა ბიზნესი, რომელიც რაიმე შემოსავალს იძლევა, „ქართული ოცნების“ რეკეტის ქვეშ არის.

„ეს არის იგივე სქემა, რაც იყო კოზა ნოსტრა,რაც არის იტალიური მაფია თუ სხვა ტიპის მაფია, რომელსაც დაწესებული აქვს ტაქსები ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში. დღეს ვისმენთ პირდაპირ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის ენა რა ენაზეც მხედრიონი ელაპარაკებოდა 90-იანი წლების ქართულ ბიზნესს,“-ამბობს კახა კუკავა.

დღის ამბები