18 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
არის თუ არა შავი ფული „ქართულ ოცნებაში“, ამაზე გამოძიებამ და აუდიტის სამსახურმა უნდა გასცეს პასუხი - სულხან სალაძე

„არის თუ არა შავი ფული „ქართულ ოცნებაში“, ამაზე გამოძიებამ და აუდიტის სამსახურმა უნდა გასცეს პასუხი,“ - ეს განცხადება, საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ გააკეთა.

სულხან სალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე სავარაუდო რეკეტი იკვეთება.

სალაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დადგინდეს აუდიოჩანაწერების ავთენტურობა, რის შემდეგადაც ელიტური კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, ფაქტები საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

„ცხადია, ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან როცა ვლაპარაკობთ, მათ შორის, ელიტურ კორუფციაზე და შესაძლოა, ამ ფაქტებზე ქვეყანაში, ელიტური კორუფცია არ ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელიდან ხელში ფულის გადაცემას, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და ამ უფლებამოსილებებს იყენებდნენ ბოროტად ისე, რომ ეს არ იყოს კანონის მოთხოვნებით განსაზღვრული,“ - განაცხადა სულხან სალაძე.

დღესვე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, სადაც აუდიტის სამსახურს „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ არაკანონიერი გზით დაფინანსების საკითხის შესწავლისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები