11 დეკემბერი 2018,   18:48
ვრცლად
ეს ოპონენტების ხელწერას უფრო წააგავს - მმართველ გუნდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, "კურიერის" ეთერში გავრცელდა, გამოხმაურებები მოყვა საპარლამენტო უმრავლესობაში.

ჩანაწერებში მიხედვით ირკვევა, რომ "ომეგა ჯგუფს“, გაყიდული სიგარეტის თითოეული კოლოფიდან „ქართული ოცნების“ ფონდში 2.5 თეთრის ჩარიცხვას სთხოვდნენ. მმართველი პარტიის წევრებმა არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკეს, რომელთაც ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელეს.

რაც შეეხება მმართველ პარტიაში არსებულ "შავ სალაროს" და ბრალდებებს, რომ თამბაქოს მწარმოებლებიდან კონკრეტული თანხები "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში მიდიოდა, მმართველ გუნდში აღნიშნულ ინფორმაციას წინასაარჩევნოდ აგორებულ შავ პიარს უწოდებენ.   

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ყველა პარტიას აუდიტის სამსახური ამოწმებს.

“ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკმაო კომპეტენცია გააჩნიათ იმისათვის, რომ ესე პოლიტიკური ანგაჟირებული განცხადებები ისროლონ მარჯვნივ და მარცხნივ. რასაკვირველია, ამოწმებს აუდიტის სამსახური ყველა პარტიას და მე, საერთოდ უფრო მეტი ეჭვი მაქვს იმაში, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 300 ათასი ლარით ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ამ უშველებელი რაოდენობის დამკვირვებლებით და აქტივისტებით. ასე, რომ ყველაფერზე ვთქვათ რომ გამოძიებაა საჭირო, რასაკვირველია, მაგრამ მეორე, ზედაპირზე დევს, რომ ის არის გარკვეული თაღლითობა, რომელიც შეიძლება სწორად შეფასდეს ის საქმე, რომელიც პროკურატურამ აღძრა ამ სათაურით. ასე, რომ მომავალი გვიჩვენებს სად იყო შავი ფული, ვინ ვის რას სთხოვდა და ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს თუ არა ბიზნესმენმა თანხა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძეც

„ეს ჩანაწერების სტილისტიკა, რომელიც საარჩევნო პერიოდს ეხება ხოლმე, ჩემთვის ჩემი ოპონენტების ხელწერას უფრო წააგავს. ჩემი პასუხი იქნება შემდეგი, რომ ვიღაცას უნდა ალბათ რომ ეს თემა არსებობდეს ქართული ოცნების გარშემო. თუ კი არასამთავრობოები ესე მიმართავენ, რომ შესაძლოა რაღაც არსებობდეს, შესაძლოა ალბათ ბევრ რაღაცაზე გაჩნდეს სხვა ეჭვებიც და მივმართავდი არასამთავრობოებს, რომ კარგი იქნება ძალიან კონკრეტული, მკაფიო ან ბრალდებით გამოვიდნენ ხოლმე ან უფრო მკაფიოდ განმარტონ თავიანთი მოსაზრება,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, გავლენიანი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს. მესამე სექტორი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით კორუფციული დანაშაულის ნიშნებს ხედავენ.

არასამთავრობოები იმ სქემაზე საუბრობენ, რომლის მიხედვით, 2,5 თეთრი ყოველი გაყიდული სიგარეტის კოლოფიდან, მმართველი პარტიის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო, რაც „ქართული ოცნების“ შავი ფულით დაფინანსებას ადასტურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები