13 დეკემბერი 2018,   04:36
ვრცლად
ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში - თანამშრომლების მიღებისას საკონკურსო წესს, თითქმის, აღარ იყენებენ

საჯარო სამსახურში დანიშნული 6500 მოხელიდან კონკურსი მხოლოდ 69-მ გაიარა.

საგანგაშო რიცხვები მესამე სექტორმა გამოაქვეყნა.

ირკვევა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე თანამშრომლების მიღებისას საკონკურსო წესს, თითქმის, აღარ იყენებენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული მოკვლევიდან ირკვევა, რომ 2012 წელს ქართული ოცნების მიერ საჯარო სამსახურებში მასობრივი წმენდის შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე მოხელეებს ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ძირითადად პარტიული ნიშნითა და ნეპოტიზმით ასაქმებენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტში მასობრივი წმენდისას გათავისუფლებული რწმუნებულები წლებია, საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან. მაშინ, როდესაც განთავისუფლებულმა რწმუნებულებმა სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგეს და თანამდებობებზე დაბრუნდნენ, ისინი თავიდან დაითხოვეს. ყოფილმა საჯარო მოხელეებმა სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართეს და ეს დავაც მოიგეს.

მარტვილის გარდა, სასამართლო დავებს სამსახურებიდან გათავისუფლებული ათობით ადამიანი წლებია, სხვადასხვა რეგიონშიც იგებს.

საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წელს, სახელმწიფო დაწესებულებებიდან 5000-ზე მეტი მოხელე გაათავისუფლეს.

კრიტიკულად არის შეფასებული 2014 წელს თბილისის მერად დავით ნარმანიას არჩევის შემდგომი პერიოდიც, როცა მერიაში თანამშრომლებს თანამდებობები იძულებით დაატოვებინეს და მათ ნაცვლად ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები დანიშნეს.

საჯარო სამსახურში მმართველი პარტიის მხარდამჭერების ნეპოტიზმით, კონკურსის გარეშე დანიშვნაზე ოპოზიცია წლებია, საუბრობს.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ნეპოტიზმით დანიშვნა სისტემური პრობლემა არასოდეს ყოფილა.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები