23 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
„აქ მე ვიგრძენი, თუ რა ელოდა საქართველოს" - პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს

„აქ მე ვიგრძენი, თუ რა ელოდა საქართველოს," - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა არჩევანში მისი და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ურთიერთობის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არც პიროვნულად არ მოსწონს და არც ის, თუ როგორ ექცევა ის ქვეყანას. ამბობს, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საერთო არ არსებობს.

პაატა ბურჭულაძემ გადაცემაში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები ქრონოლოგიურად გაიხსენა. მათ შორის ის შეხვედრაც, როდესაც პაატა ბურჭულაძემ ყოფილ პრემიერს უთხრა, რომ აპოლიტიკური დარჩებოდა.

ბურჭულაძე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც კარიერის გამო, ივანიშვილს პრეზიდენტობაზე უარი უთხრა, მან თანხაც კი შესთავაზა. 

„აქ, მე ვიგრძენი, თუ რა ელოდა საქართველოს. ეს იყო ზუსტად ის მომენტი, როდესაც მე ვიგრძენი, რომ საქართველო ჭაობში მიდის იმიტომ, რომ, როდესაც ყველაფერი თანხასთან არის დაკავშირებული, როდესაც არ არსებობს არავითარი გრძნობა, რომ ეს არის შენი სამშობლო, აქ არის ყველაფერი ამდენი ღირს ეს, იმდენი ღირს ეს, დღემდე ასე გრძელდება,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა, ამ შეხვედრების დროს, მასთან არანაირი საუბარი და შეთავაზება არ ყოფილა.

პაატა ბურჭულაძე პარტია სახელმწიფო ხალხისთვის შექმნის საფუძველს იხსენებს და ამბობს, რომ იმ პერიოდში რომ ყოფილიყო გაერთიანებული ოპოზიცია, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.

„რომ ყოფილიყო იმ დროს გაერთიანებული ოპოზიცია, მე პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნიდი და ვიქნებოდი ამ პარტიასთან, მაგრამ არავინ არ იყო ისეთი, ვისაც შეიძლებოდა, რომ გვერდში დავდგომოდი. ზუსტად მაგიტომ შევქმენი პარტია, მაგრამ დღეს ვრწმუნდები, რომ პარტიის გარეშეც ძალიან კარგად შეიძლება ბრძოლა, თურმე,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

დღის ამბები