13 დეკემბერი 2018,   04:40
ვრცლად
სისტემური კორუფცია - ირმა ნადირაშვილი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირმა ნადირაშვილი, ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელებას არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ირმა ნადირაშვილს არა აქვს იმედი, რომ საგამოძიებო უწყებები დროულად გამოიძიებენ.

„დღემდე ხელისუფლებაც და პროკურატურაც არჩევდა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფილიყო, იქნებ, გადაევლოთ ეს სკანდალი, იქნებ, მიწყნარებულიყო. ახლა მიხვდნენ, რომ ერთ ჩანაწერს მეორე მოსდევს, სურათი ნელ-ნელა მძიმდება, იკვეთება სქემები,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის თქმით, დღემდე არ ახსოვს შემთხვევა, რომ ხელისუფლების წევრების სავარაუდო კორუფციის საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული.

„პროკურატურის მიმართ ნდობა არის ნულოვანი. ჩვენ ვერ ვენდობით პროკურორს, რომელმაც გვითხრა, რომ თავისი დიპლომი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ ემსახურებოდა ოლიგარქებს, ის არ არის ხალხის სამსახურში, ის არ არის სამართლის და სიმართლის დასადგენად და შესაბამისად, მე ამ გამოძიებისგან არაფრის კონკრეტულს არ ველოდები,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ სკანდალურ აუდიოჩანაწერებში სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს, რომელიც ბიზნესმენებს, ფაქტობრივად, ევაჭრებოდა.

„ერთია ლევან ყიფიანის დანაშაული, ამას დამტკიცება სჭირდება, აუცილებლად გამოსაძიებელი საქმეა, თუმცა, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მეორეა ჩუბინიშვილის განცხადებები, სადაც მთელი სქემაა გაშიფრული და ყველაფერი არის ნათქვამი და რა გავიგეთ ჩვენ, ჩვენ გავიგეთ, რომ ადამიანები საკუთარი ჯიბიდან იხდიან შავ ფულს პარტიის დასაფინანსებლად,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ბიზნესმენების მიერ ქართული ოცნების შავ სალაროში შესული თანხები მილიონს აღწევს. ნადირაშვილის თქმით, თამბაქოს ბიზნესზე ზეწოლის ჩვენებით ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეკეტის მხოლოდ ნაწილი გამოაშკარავდა.

„ეს არის სისტემური კორუფცია, მთელი ხელისუფლება თავისი მთელი ვერტიკალით ჩართულია ამ კორუფციაში, ამ დასკვნის გამოტანა, მგონი, არავის არ გაუჭირდება,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

დღის ამბები