მსჯავრდებულების, გიორგი მარსაგიშვილისა და ზვიად ჭიტაძის ადვოკატები გლდანის მერვე დაწესებულების ადმინისტრაციას, პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
იურისტების ინფორმაციით, ერთი თვის წინ გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმარს, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, რეჟიმის უფროსი, რამაზ ფირცხალავა ფიზიკურად გაუსწორდა.
ადვოკატების თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პატიმრების საჩივრები ადრესატამდე ვერ აღწევდა, რადგან მათ ამის საშუალებას ციხის ადმინისტრაცია არ აძლევდა. მოგვიანებით კი, სახალხო დამცველის დახმარებით, საჩივარი პროკურატურაში მოხვდა.
უწყებამ მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თუმცა ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურას ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჯერ არ დაუკითხავს.
„ზვიად ჭიტაძე, რომელსაც ჩატარებული ჰქონდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია, ითხოვდა ექიმს, რაც გამოწვეული იყო გაუსაძლისი ტკივილებიდან. გაიყვანეს ის, თითქოსდა, მიჰყავდათ ექიმთან შესახვედრად. საპასუხოდ კი, რეალურად ამას მოჰყვა ბევრი შეურაცხყოფა და მუქარა, რომ პატიმრები არ უნდა ითხოვდნენ არაფერს, რადგან მათ არ გააჩნიათ არავითარი უფლებები. ისინი არიან მონები. ამ სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოითხოვა ზვიად ჭიტაძისგან, ეჩვენებინა ფეხი, რომელიც მას აწუხებდა და სტკიოდა. მანაც აჩვენა და ზუსტად იმ ადგილას, სადაც ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული, ძლიერად რამდენჯერმე ფეხის ჩარტყმის შედეგად მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,“- განაცხადა ადვოკატმა, ლევან აფრასიძემ.