19 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
დაისაჯონ ურჩი მინისტრები - რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

ოპოზიცია ფინანსთა მინისტრისა და სხვა „ურჩი მინისტრების“ მიმართ სანქციების დაკისრებას ითხოვს.

როგორც  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ფრაქციამ ფინანსთა მინისტრი სხდომაზე დაიბარა, თუმცა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში მისვლაზე და ფრაქციის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა.

„მივიღეთ დღეს პარლამენტისთვის დამამცირებელი წერილი. მინისტრი გვწერს, რომ ვერ გამოცხადდება და არის დაკავებული, საერთაშორისო ვიზიტებია დაგეგმილი და თურმე იმდენი დრო არ აქვს რომ 5 წუთი მოვიდეს“-ამბობს გოცირიძე.

მისივე განცხადებით, მინისტრების ვალდებულებაა გამოცხადნენ პარლამენტში დაბარების შემთხვევაში და უპასუხონ დეპუტატების კითხვებს. რომან გოცირიძე ამბობს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მინისტრები პარლამენტში არ ცხადდებიან. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რეგლამენტის შესაბამისი სანქციებით დაისაჯონ ის მინისტრები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად არ მიდიან.

„ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯონ ურჩი მინისტრები. კეთილი ინებოს და პარლამენტის თავმჯდომარემ დაიწყოს პროცედურა სანქციების გამოყენების შესახებ. საპროცედურო კომიტეტს აქვს უფლება ასეთი მინისტრები, რომლებიც არღვევენ რეგლამენტს მათ მიმართ პარლამენტმა დაიწყოს სასჯელის იმ ზომების გამოყენება, რომელიც არის რეგლამენტში.

წერილი უკვე გავაგზავნეთ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩართოს საპროცედურო კომიტეტი და კანონის შესაბამისად მივიღოთ ის ზომები, რაც არის ჩვენი პარლამენტის რეგლამენტში“-ამბობს გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც ფიქრობს, რომ როცა კითხვები არსებობს უმჯობესია, მინისტრებმა ამ კითხვებს უპასუხონ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე ამბობს რომ „ომეგა ჯგუფს“ ძალიან დიდი დავალიანება აქვს, იმის მიუხედავად,რომ დავალიანების გადანაწილება არაერთხელ მოხდა, კომპანიამ მაინც არ გადაიხადა გადასახადები და დავალიანების დაგროვება ისევ მოხდა.

დღის ამბები