16 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობას საფრთხე ემუქრება - „ომეგა ჯგუფის“ საქმე მმართველ პარტიაში შესაძლოა, განხეთქილების მიზეზი გახდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობას საფრთხე ემუქრება. „ომეგა ჯგუფის“ საქმე მმართველ პარტიაში შესაძლოა, განხეთქილებისა და ცალკეული დეპუტატების მხრიდან მმართველი გუნდის დატოვების მიზეზი გახდეს.

დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარისთვის ბიზნესზე ზეწოლის შესახებ ფარული ჩანაწერები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. რომან კაკულიას თქმით, თუ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის აზრს ვერ ხედავს.

მმართველი გუნდის დეპუტატის განცხადების შემდეგ მისმა თანაპარტიელებმა იმის მტკიცება დაიწყეს, რომ მედიამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი სხვაგვარად გააშუქა.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები არ იკვეთება და ფარული აუდიოჩანაწერების სერია მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

ოპოზიციამ კი რომან კაკულიას განცხადებას თანაგუნდელებისთვის გზავნილი უწოდა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ „ქართულ ოცნებაში“ ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე ზეწოლის სისტემური პრობლემის გამო, რომან კაკულიას პოზიციას მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ამ დროისთვის შვიდი ფარული ჩანაწერია გავრცელებული, სადაც ბაზარზე თამბაქოს ძირითადი მწარმოებლები ფიგურირებენ. აუდიოფაილებიდან იკვეთება, თუ როგორ ხდებოდა არაფორმალურად საბიუჯეტო თანხის ჩამოწერა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და როგორ ირიცხებოდა მმართველი პარტიის შავ სალაროში მილიონობით ლარი.

სკანდალური ფარული ჩანაწერების მიუხედავად, მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა.

საპირისპიროს დამტკიცებას შეეცდება დიდ ბრიტანეთში „ომეგა ჯგუფი.“ კომპანიის ინგლისელი ადვოკატები ლონდონის სასამართლოსთვის სარჩელს უკვე ამზადებენ. დასაკითხ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანია.

 

დღის ამბები