სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა შეერთებული შტატების კრიტიკას დაუთმო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან ოფიციალური ვაშინგტონი სხვა ქვეყნების შინა საქმეებში ღია ჩარევაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები ძირს უთხრის საერთაშორისო შეთანხმებების მიღწევის მცდელობებს. მაგალითებად კი ლავროვმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი, ირანის ბირთვული შეთანხმება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ვალდებულებები და კლიმატის ცვლილების შესახებ ხელშეკრულებები დაასახელა.
მიმართვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც დაადასტურა, რომ მოსკოვმა სირიისთვის S 300 ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის მიწოდება უკვე დაიწყო.