18 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
გავერთიანდეთ გრიგოლ ვაშაძის გარშემო და დავიწყოთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპი - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას ლიდერები თბილისის მოსახლეობას ფილარმონიაში შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში სამართალი არ არის და ამის მაგალითად შვილმოკლული მამების პროტესტი მოიყვანა.

„ამ დროს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ პერსონალურ ინტერესებზე ფიქრობს. არაფრად ანაღვლებს ის პრობლემები, რაც ქვეყანაში არის. არ ფიქრობს ადამიანის გაჭირვებაზე და ყოფაზე და მხოლოდ თავის ჯიბეზე, მხოლოდ თავის პერსონალური ინტერესების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს და 21-ე საუკუნეში, ცოდნის ეკონომიკის პირობებში გვთავაზობს ქვეყნის კანაფიზაციას, უზარმაზარი კულტურის და ისტორიის ქვეყანას, ეს ვერ მოხდება ვერცერთ შემთხვევაში ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მან მმართველი პარტიის ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისინი დამარცხდებიან.

„მე მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს - ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ჩვენ არ ვიყიდებით, საქართველო არ იყიდება, ჩვენი მომავალი არ იყიდება და ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ. აქვე მინდა, მივმართო ევროპული საქართველოს ლიდერებს და მხარდამჭერებს, არ არსებობს ნახევრად ბრძოლა, არ არსებობს მოწინააღმდეგესთან ნახევრად თანამშრომლობა, ან ხარ სიმართლის, სიკეთის ნათელ მხარეს ან ყოველთვის დამარცხდები,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს განვითარების ახალი ეტაპის დასაწყებად ყველაფერს გააკეთებს.

„გავერთიანდეთ გრიგოლ ვაშაძის გარშემო და დავიწყოთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები