24 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
არ გვაქვს გამოძიების იმედი, ქვეყანა იმართება კრიმინალებით - არასამთავრობოები

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებისა და  თავად კომპანიის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მესამე სექტორი ეხმაურება.

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საზოგადოებას საია-ს ხელმძღვანელმა გააცნო. სულხან სალაძის განცხადებით, ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.

„ვეხმაურებით ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ  მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ნიშნებზე და არაფორმალურ  კლანურ მმართველობაზე  მიუთითებს.

"მიგვაჩნია რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ  საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება  ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს. ბოლო წლებში არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ.  წარსულში ადამიანების უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევის აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ  ვერ აჩვენა ამ პრობლემის გადაჭრის და არსებითად განსხვავებული უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება.

"დემოკრატიული მმართველობის სისტემის  კრიზისზე მიუთითებს კლანური მმართველობა სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვას და ხშირ შემთხვევაში მმართველი ჯგუფის ინტერესებს  ემსახურება. სამართალდამცავები სტრუქტურების პოლიტიზება რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელ გამოძიებას,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით მმართველი გუნდის კომენტარებიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტია ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარემაც. მან აღნიშნა, რომ მესამე სექტორს არ აქვს იმედი, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება.

„მდგომარეობა არის მართლაც კრიზისული და მე ვფიქრობ რომ ამ სიტუაციაში ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს გამოსავალი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვნახეთ ეს მათი კომენტარებიდან. არავის და ჩვენც არ გვაქვს განცდა იმისა, რომ რომელიმე დამოუკიდებელი ინსტიტუტი რაიმეს მოიმოქმედებს ამ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით და ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვხედავთ, დღეს ქვეყანა იმართება არაფორმალური მეთოდებით, კრიმინალების დახმარებით და აქედან გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი რომ რამე საქმე იქნება გამოძიებული,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

დღის ამბები