17 ნოემბერი 2018,   05:28
ვრცლად
რეკეტი ბიზნესზე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრის და მთავარი პროკურორის დაბარებას გეგმავს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებს და ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ პასუხობენ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პარტიის დამფუძნებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან ღია მითითებები დღეს „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ოლიგარქთან დახურულ შეხვედრაზე მიიღეს.

ივანიშვილმა ოქუაშვილთან შეხვედრა არ უარყო, თუმცა თანაგუნდელებს მითითება მისცა, ვიდრე ამ ხმაურიან თემაზე კომენტარს გააკეთებენ, მოითხოვონ მისი და ოქუაშვილის ჩანაწერის გასაჯაროვება.

სკანდალური ბრალდებებისა და ფარული ჩანაწერების არსებობის მიუხედავად „ქართულ ოცნებაში“ საქმეზე გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

მინისტრები დღეს ზაზა ოქუაშვილს აკრიტიკებდნენ, მის განცხადებებს ბიზნესის რეკეტზე ხან ღიმილნარევს, ხან კიდევ ანეკდოტურს უწოდებდნენ.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის „ომეგას“ საქმე სისტემური კორუფციის კიდევ ერთი დასტურია. გაერთიანებული ოპოზიციამ დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

ხმაური და დაპირისპირება იყო ბიუროს სხდომაზე. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამო „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლა და კითხვებზე პასუხების გაცემა მოითხოვა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრების გაბრაზება და 9 წლის გახსენება მოჰყვა.

საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნაზე დღეს პატრიოტთა ალიანსიც გაბრაზდა.  „პატრიოტთა ალიანსში“ დღეს ასევე ოქუაშვილს უპასუხეს და უარყვეს ინფორმაცია, ბიზნესმენის მხრიდან ფინანსურ დახმარებაზე.

ოპოზიცია ბიზნესის რეკეტის საქმეზე შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის პარლამენტში მისვლის საკითხს პლენარულ სხდომაზე ოთხშაბათსაც დააყენებს.

დღის ამბები