19 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
წითელი ჩანთა, რომლითაც "TBC ბანკიდან" ივანიშვილისთვის ჩარიცხული ფული გაიტანეს - "კურიერმა" სკანდალური ფოტოები მოიპოვა

სკანდალური ფოტოები, სადაც ჩანს როგორ გაიტანეს წითელი ჩანთით 1 მილიონი დოლარი "TBC ბანკიდან" - კადრებში  „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ლევან ყიფიანი ჩანს, რომელიც ბანკში ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებული კომპანია „ოლიმპუსის“ დირექტორთან ალექსანდრე ხაჩიშვილთან ერთად იმყოფება. ფოტოებში ასახულია ისიც, როგორ ჩადეს ბანკიდან გატანილი ფული მანქანაში.

ბანკის საცავი არასამუშაო საათებში ჯერ გიორგი გახარიას, შემდეგ კი ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის ზეწოლის შემდეგ გაიხსნა. "კურიერმა" მოიპოვა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" თანამშრომელს უყვება, როგორ ახდენდა ოთარ ფარცხალაძე ბანკზე ზეწოლას.

ის, რომ მილიონი დოლარის ბანკიდან გატანაში პირადად ოთარ ფარცხალაძე იყო ჩართული სატელეფონო საუბრის ამონაწერითაც დასტურდება. ბანკიდან ფულის გატანის დღეებში, ლევან ყიფიანმა და ფარცხალაძემ 12-ჯერ ისაუბრეს. სატელეფონო ზარები ზუსტად იმ დროს არის განხორციელებული, როდესაც ზეწოლის ქვეშ მყოფი, "ომეგა ჯგუფის" თანამშრომლები, ბანკის შენობაში იცდიდნენ.

ფული ზაზა ოქუაშვილის კომპანიის ანგარიშიდან მის მიერ მოფიქრებული კომბინაციის გამო ვერ გაჰქონდათ. ბიზნესმენმა 4 მილიონი ოფშორში 1 დღის დაფუძნებული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა. ასეთი თანხის მოკლე ვადებში განაღდებას კი კანონი კრძალავს. ოქუაშვილი იმედოვნებდა, რომ დროს მოიგებდა და ივანიშვილი ფულის გატანას ვერ მოახერხებდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახერხეს ის, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი ბორჯომიდან ჩამოეყვანათ და თანხა არასამუშაო დროს გაეცათ.

TBC ბანკმა ზაზა ოქუაშვილის და მისი გარემოცვის განცხადებებს წერილობითი პასუხი გასცა და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
 

დღის ამბები