19 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
ის ამ ოთხი მილიონის გულისთვის მზად არის, რომ მოკლას - სააკაშვილი ივანიშვილზე საუბრობს

„საქართველოში ხდება სახელმწიფოს განადგურება, საქართველოში ხდება ერთი პატარა ქონდრის კაცის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიწასთან გასწორება, გაბანძება ქვეყნის," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შეფასებისას გააკეთა.

სააკაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც სახელმწიფოს მხრიდან სავარაუდო რეკეტი ვლინდება და რომლის სათავეშიც ივანიშვილი დგას.

„ის ამ ოთხი მილიონის გულისთვის მზად არის, რომ მოკლას. ამ ოთხი მილიონით კი არა, კაცმა იკადრა და სიგარეტის ყველა კოლოფიდან წაიღო ორნახევარი თეთრი. ხომ იძახდნენ სააკაშვილის ბარკალიო, სააკაშვილის ერთი ლარიო. მე ანგარიშზე საერთოდ არაფერი არ მაქვს, რამდენიმე ათასი ევრო მაქვს და როგორც ვცხოვრობ ყველა კარგად ხედავს... როცა ამ კაცმა მარტო ბოლო ორ წელიწადში საქართველოში იშოვა დამატებით სამი მილიარდი ლარი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი საქართველოს რესურსს იყენებს იმისთვის, რომ მოგება ნახოს.

„ამ დღეებში გავიგე ბევრჯერ, რომ სააკაშვილიც და ივანიშვილიც ერთი და იგივეა. მე მინდა ამ ხალხს ვუთხრა, თქვენ სკლეროზი ხომ არ გაქვთ და რამსები ხომ არ აგერიათ? რანაირად ვართ მე და ივანიშვილი ერთი და იგივე. მინდა კარგად მომისმინოთ ერთი და იდოტიზმს და სისულელეებს თავი დაანებეთ. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, ჩემი მმართველობის 9 წლის განმავლობაში, იმ საამაყო 9 წლის განმავლობაში, შემცირდა 2.01 ლარიდან 1.65-მდე, ხოლო მისი მმართველობის განმავლობაში 1.65-დან 2.61-მდე, კბილებით უჭირავთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ყველაფრის დასასრული 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებია. 

დღის ამბები