19 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
„ამ მმართველობამ, რომელსაც უკვე რვაფეხას ფორმა აქვს, მიიღო უკვე მეტასტაზების და კიბოს ხასიათი,“ - გიგი უგულავა 

"სიტუაცია არის ძალიან მძიმე და კრიტიკული,“ - ეს შეფასება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გადაცემა „არჩევანში“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ამ მმართველობამ, რომელსაც უკვე რვაფეხას ფორმა აქვს, მიიღო უკვე მეტასტაზების და კიბოს ხასიათი სამწუხაროდ,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ. ის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს დაადასტურებს.

„მართლა უსინდისო განცხადებაა, მაშინ, როდესაც მე შემიძლია ჩამოვთვალო მსხვილი ბიზნესის მთელი რიგი სექტორები, რომელშიც კონკრეტული პირები, მათ შორის უკვე მრავალგზის ნახსენები ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობდა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა იმ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერსაც ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ ​თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი, "ქართულ ოცნებაში" მიდიოდა.

„თითოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ 2,5 თეთრი თითოეული კოლოფიდან მიდის „ქართული ოცნების“ ჯიბეში. ანუ, ის ადამიანები, ვისაც მოგწონთ „ქართული ოცნება,“ ის ადამიანები, ვისაც არ მოგწონთ „ქართული ოცნება," მაგრამ სიგარეტს ეწევით, იძულებით ხართ, დააფინანსოთ „ქართული ოცნება.“ ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ასეთ ვითარებაში იქნება, სიგარეტს დავანებოთ თავი. ეს ერთია მაგრამ, პურის ჭამასაც ვერ დაანებებს ადამიანი თავს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთეს ხორბალზე, იქაც ზუსტად იგივე კორუფციული გარიგება იყო,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის შესახებაც საუბრობს. უგულავა ამბობს, რომ თუკი ოქუაშვილი სისტემის დაშლაში მიიღებს მონაწილეობას, მას გვერდით უნდა დაუდგნენ, თუმცა ის გმირად ვერ გამოცხადდება.

„დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ოქუაშვილის გვერდზე უნდა ვიდგეთ და დავიცვათ ის, იმიტომ რომ ის არის ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, ოქუაშვილის რეპუტაცია ძალიან მძიმეა 90-იანი წლებიდან მოყოლებული,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

დღის ამბები