15 ნოემბერი 2018,   21:50
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„გამოძიების მოთხოვნის დაწყებასაც კი არ აქვს აზრი, " - სალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

„მე ნაკლებად მახსენდება ამ თემასთან დაკავშირებით, არაფორმალურ მმართველობასთან, ელიტურ კორუფციასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტესთან დაკავშირებით ასეთი მწვავე განცხადება, სამოქალაქო სექტორის მხრიდან,“ - ეს განცხადება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძემ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

სალაძე იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც მესამე სექტორმა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებისა და  თავად კომპანიის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების შესახებ გაავრცელა.

„პრაქტიკულად ყველა ის თემა, რაზეც ჩვენ ამ განცხადებაში ვსაუბრობთ, არის ნომერ პირველი საკითხი და რომელიმე ერთმანეთზე არც მეტია და არც ნაკლები და ეს არ არის მხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ საქმეში გაჩენილი პრობლემები, ეს არის პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სალაძე ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას აზრი არ აქვს.

„გამოძიების მოთხოვნის დაწყებასაც კი არ აქვს აზრი, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომელიც დღეს არის გენერალური პროკურორი და ადამიანი, რომელიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მათ ეს საქმეები გამოიძიონ. ამის მოლოდინი არავის არ აქვს. ამიტომაც ჩვენ მხოლოდ მოწოდების დონეზე შემოვიფარგლეთ,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სალაძე ამბობს, რომ მოლოდინი ჰქონდა, რომ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე და ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით, ხელისუფლება უფრო ობიექტურ შეფასებებს გააკეთებდა.

„მინიმუმ იმას მაინც იტყოდნენ, რომ გამოძიება აუცილებლად ჩატარდებოდა... დღეს პრაქტიკულად გვითხრეს, რომ ეს არ იქნება,“ - აღნიშნა სალაძემ.

სალაძე ამბობს, რომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება დღეს არავის გამოკითხავს.

„ვინმეს წარმოუდგენია დღეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც არაფორმალურ ჯგუფს ქმნიან და როგორც ჩანს აგვარებენ საქმეებს, ამათ გამოკითხავს დღეს გამოძიება, ვინმეს წარმოუდგენია ეს? პრაქტიკულად, ამის მოლოდინი არავის არ აქვს, მე ვიქრობ. ეს მოლოდინი არ აქვთ არა მარტო ჩვენთან სამოქალაქო სექტორში, არამედ თითონ "ქართულ ოცნებაშიც" იციან ძალიან კარგად, რომ ამაზე საუბარიც ზედმეტია,“ -  განაცხადა სალაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები