„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს ბრალდებებს პასუხობს. კომპანიის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მენეჯმენტი მაჭავარიანის უწყებას მონაცემების განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებს.
„ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანია ”ოჯთ"-ის გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას დარიცხული საურავების ჩამოწერა არასოდეს უთხოვია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი ჯამში მილიარდ ნახევარი ლარი აქვთ გადახდილი.
„კომპანია „ოჯთ"-ის არც ერთხელ არ უთხოვია მის მიმართ რიცხული საურავების ჩამოწერა. ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს მილიარდ 500 მილიონი ლარი. უგუნურებაა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იმის მტკიცება, „ოჯთ"-ი, თითქოს, არ იხდიდა ბიუჯეტში გადასახადებს. ხელისუფლების მიერ კონკურენციის არასამართლიანი და მახინჯი ფორმების პირდაპირი წახალისების შედეგად კი ვერ შეძლო 38 მილიონი ლარის გადახდა ბოლო 5 წლის განმავლობაში,“- განაცხადა ”ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანია ”ოჯთ”-ის გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა.