16 ოქტომბერი 2019,   02:37
ვრცლად
"20-30 მილიონ ლარს ტაქსიზე მიტყეპებულ რეკლამაში ვინ იხდის? ეს არის ფხიზლად ბოდვა" - ხმაური საკრებულოს სხდომაზე

ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე-დაპირისპირება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის იმ რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც მერიამ ტაქსის მძღოლებს დაუწესა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოპულისტური განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ტაქსის ის მძღოლები, რომლებიც ტექდათვალიერებას 10 ოქტომბრამდე გაივლიან, მანქანის თეთრად გადაღებისთვის უფასო ვაუჩერს მიიღებენ.

 ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს არის  წინასაარჩევნო დაპირება, რადგან არც ერთი კომპანია არ დათანხმდება იმ შეთავაზებას, რომელსაც დედაქალაქის მერია აკეთებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, საბოლოოდ ხარჯების გაღება ბიუჯეტს მოუწევს.

„ვნახეთ, რომ 1000-1500 ლარი ჯდება ამ ტაქსის გადაღებვა და, რა თქმა უნდა, ყველა მძღოლი იყო უკმაყოფილო. თქვენ თან საარჩევნო კამპანია გაქვთ ახლა და მიხვდით, რომ ამ სისულელეს გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება. მერე უცებ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და დღეს გვახარეს, რასაც მე ვამბობ, რომ ეს არის ფხიზლად ბოდვა. გვითხრეს, რომ არაო, კაცო. თქვენ კი არ გადაღებავთო ტაქსის მძღოლებს უთხრეს, ჩვენო უფასოდ გადაგიღებავთო. ჯერ ხომ შეჩვეულია ხალხი უფასო ფულს, განახევრებულ კომუნალურებს, თავზე ხომ აყრიათ ის დოვლათი რაც 6 წელი მოაგროვეთ ამ ქალაქში და ახლა პირდაპირ მიაყარეთ თეთრი „კრასკა“ გინდა თვალებში, გინდა ავტომობილებში.

"მერე გამოაცხადეს, რომ არა ამას არც ბიუჯეტი არ იზამსო, ამას გააკეთებს კომპანიაო. თან იქვე დაამატა მერმა, რომ 12 ათასი კაცი დარეგისტრირდაო და მზარდი იქნებაო. ანუ 20 ათას ტაქსამდე მაინც გავალთ და საბოლოო ჯამში შეიძლება მათემატიკა არ იცოდეთ, მაგრამ კალკულატორი ყველა ტელეფონს აქვს და 20 ათასი ავტომობილი რომ გადაღებოს კომპანიამ, ეს დაუჯდება 20-30 მილიონი ლარი. 20-30 მილიონ ლარს ტაქსიზე მიტყეპებულ რეკლამაში ვინ იხდის?“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მმართელმა გუნდმა კი ოპოზიცია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, ახალი აჟიოტაჟის თემა შექმნას.

„აშკარად თეატრალური მონაცემები უფრო კარგი გაქვთ, ვიდრე მათემატიკური. ახლა "შტაბ კვარწირიდან" დაკვეთილი არის, რომ ახალი რაღაც გაამძაფრონ თემები. არ გამოგივა ლევან. მთავარი ბენეფიტი ის არის, რომ ის, ვინც ჩვენს შეთავაზებას მიღებს, ანუ ისინი უზრუნველყოფილი არიან, უფასო პარკინგით, 60 ლოკაციაზე, ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან უფასო სატაქსე მაჩვენებლით. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საშემოსავლო  გადასახადის გაუქმებისგან,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მარჯვენა საჭიანი ტაქსების რაოდენობით დაინტერესდა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე. გიორგი გაბაშვილის პასუხებს ითხოვს, რა ალტერნატივას სთავაზობს მათ მერია იმის სანაცვლოდ, რომ ვეღარ შეძლებენ მუშაობას.

„მარჯვნივ საჭიანი ტაქსისტები თუ იცით რამდენია და რომ ვეღარ იმუშავებენ გაქვთ თუ არა, რაიმე ალტერნატივა რითი არჩენენ ოჯახებს. რამდენია უბრალოდ? აი, რომ აღვრიცხეთ მანქანები და გავარკვიეთ მარცხენა რამდენია მარჯვენა რამდენია. ან რატომ კრძალავთ?“-განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

  

დღის ამბები