16 ოქტომბერი 2019,   02:37
ვრცლად
რეგულაციები ტაქსებისთვის და ხმაური საკრებულოს სხდომაზე - გიორგი ტყემალაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი იმ ახალ რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც მერიამ ტაქსის მძღოლებს დაუწესა.

ოპოზიციამ კახა კალაძე პოპულიზმში დაადანაშაულა, როდესაც მან თქვა, რომ ყველა იმ მძღოლს, რომელიც ტექდათვალიერებას 10 ოქტომბრამდე გაივლის, მანქანის გადასაღებად უფასო ვაუჩერებს გადასცემს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან თანხა ამ მიმართულებით არ დაიხარჯება და კახა კალაძის ინიციატივა წარმატებული იქნება. თუმცა გიორგი ტყემალაძე ადასტურებს, რომ ამ დრომდე კომპანია, რომელიც მძღოლებს აღნიშნულ მომსახურებას გაუწევს, ჯერ მოძებნილი არაა.

„აქ არც ერთი თეთრი თანხა არ დაიხარჯება ბიუჯეტიდან. ეს მოხდება იმ სარეკლამო ადგილიდან გამოყოფის შედეგად, იმ კომპანიის მხრიდან  რომელსაც ექნება ინტერესი, რომ განათავსოს რეკლამა. ეს არის შეთავაზება. წინასწარ, რა თქმა უნდა, ფარულად მოლაპარაკებები ვერ გაიმართებოდა. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც იქნება შესაბამისი პროცედურები გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შესაბამისი ინტერესი იქნება,“- აცხადებს გიორგი ტყემალაძე. 

კახა კალაძის განმარტებით, მანქანებს უფასო ვაუჩერის წარდგენისას კერძო კომპანიები ამავე მანქანაზე მათი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ, თეთრად გადაღებავენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ თბილისში მოძრავი ტაქსების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიებს ეს მომსახურება 20-30 მილიონი დაუჯდებათ, ამიტომ ამას არავინ დათანხმდება.

 

დღის ამბები