20 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
ახალი რეგულაციები ტაქსებისთვის, მერის ინიციატივა და უკმაყოფილო მძღოლები - ოპოზიცია კალაძეს პოპულიზმში ადანაშაულებს

ერთი კაცის პროტესტი თბილისის მერიასთან - მძღოლი, რომელიც წლებია, ტაქსის მართავს, დედაქალაქის მერიასთან იმ რეგულაციების გასაპროტესტებლად მივიდა, რომელიც, ტაქსებს ლიცენზიის აღებასთან ერთად, მანქანის თეთრად შეღებვას ავალდებულებს.

ბორის აკოფიანთან მერიიდან არავინ გამოსულა. შესაბამისად, ვერც მან ისევე, როგორც ტაქსის სხვა მძღოლებმა, ვერ მიაწვდინეს ხმა კახი კალაძემდე, რომ მის ინიციატივას უნდობლობას უცხადებენ.

საუბარია მერის დღევანდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ტაქსის ყველა მძღოლი, რომელიც ლიცენზიას 10 ოქტომბრამდე აიღებს, გაივლის ტექდათვალიერებას და ეყოლება 4-კარიანი მანქანა, მარცხენა საჭით, ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვაუჩერს მერიისგან საჩუქრად მიიღებს. სანაცვლოდ კი, მძღოლებმა ორი წლის განმავლობაში სარეკლამო სტიკერი მანქანის ძარაზე უნდა განათავსონ.

მერის ამ ინიციატივის განხილვისას ხმაური იყო თბილისის საკრებულოშიც. ოპოზიციამ კახი კალაძის განცხადებას "პოპულისტური" უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დღეს თბილისში 12 ათასი რეგისტრირებული ტაქსია, ერთი მანქანის შეღებვას, საშუალოდ, 1000 ლარი სჭირდება, ანუ მერიის ინიციატივა კერძო სექტორს, დაახლოებით, 12 მილიონი დაუჯდება. 

  

ამავე თემაზე
დღის ამბები