24 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
მიაჩნია, რომ მაღალი თანამდებობის პირების კონფლიქტის მსხვერპლია - კომპანია "სვეტის" დამფუძნებლის ადვოკატი 

„სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე, პოლიციის სამმართველოს შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გივი ჯიბლაძეს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.

მასთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა მისი უფლებადამცველი. როგორც ადვოკატი ვალერი გელბახიანი მედიასთან აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს თავის გასამართლებლად საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.

გარდა ამისა, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ჯიბლაძე მთავრობის მაღალჩინოსნების დაპირისპირების მსხვერპლია, რადგან მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს, მისთვის ბიზნესის წართმევა სურდათ.

 „ის არათუ არ ეთანხმება სავარაუდო ბრალდებას რაც იქნება, არამედ მას აქვს თავისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ თავი იმართლოს. მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების კონფლიქტისა და ამავე დროს, არის კორუფციის,“ - აღნიშნავს ადვოკატი.

გივი ჯიბლაძის უფლებადამცველი კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ დაკავებული ორ ბიზნესმენზე მიუთითებს, რომლებიც კომპანია „სვეტის“ ქონების მითვისებით არიან დაინტერესებული.

„მე არ შემიძლია ამ წუთში იმ პიროვნებების გვარების დასახელება, ვინაიდან ამაზე ჩვენ შევთანხმდით. მაგრამ ასახელებს 2 ბიზნესმენს, ძმებ ქურდიანებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, რომ „სვეტის“ ქონების დაუფლება უნდა და ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება,“ - განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველის თქმით, ჯიბლაძე ამბობს, რომ აღნიშნული ბიზნესმენები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან არიან გარიგებული.

„თვითონ ასე ამბობს და ამას დავამტკიცებო ამბობს კიდეც. ის ამბობს, რომ არანაირი ქონების დათმობას არ აპირებს და არ მიიღებს მონაწილეობას იმ შეთქმულებაში, რაც მის წინააღმდეგ განხორციელდა. ის შეეცდება, პატიმარი იქნება თუ გარეთ იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეეცდება დაამტკიცოს, რომ ის უდანაშაულოა, ეს არის მოწყობილი კონსპირაციული თემა მის წინააღმდეგ და ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოში, ამასაც ამბობს, ეს არის ცნობილი მეთოდიკა. მისი ქონება გახდა საინტერესო, თვითონ ასე ამბობს და მე რასაც ვაკეთებ განცხადებას, ამ შემთხვევაში, ჩემი პოზიცია ეს არ გახლავთ. ეს არის მისი პოზიცია, რომელიც მთხოვა რომ გამეხმოვანებინა,“ - განაცხადა ვალერი გელბახიანი.

გივი ჯიბლაძე დღეს დილით, საკუთარ სახლში დააკავეს. სპეცოპერაცია თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკა დაიწყეს. ცნობილია, რომ გამოძიება "სვეტის" დამფუძნებელს თაღლითობას და სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

დღის ამბები