20 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
„გეგონება დღეს გამოუშვეს იმ სარდაფიდან, სადაც ვინმე ფარცხალაძეს ჰყავდა ჩაკეტილი" - გრიგოლ ვაშაძე ლევან ყიფიანის განცხადებას აფასებს

„გეგონება დღეს გამოუშვეს იმ სარდაფიდან, სადაც ვინმე ფარცხალაძეს ჰყავდა ჩაკეტილი,“- ასე შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია-ს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც სპორტის ყოფილმა მინისტრმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელსა და აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ლევან ყიფიანს დაკითხვის შემდეგ ტყუილი ალაპარაკეს. მისი შეფასებით, ასეთ მდგომარეობაში საქართველოს ყოფნა სამარცხვინოა.

„არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დააშინა და მორალურად გაანადგურა იმ საქმის მოწმე, რომელიც უკვე ერთი თვეა, აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. იმის მაგივრად, რომ პროკურატურაში დაეკითხათ ყველა ფიგურანტი, ივანიშვილი, ჩუბინიშვილი, გახარია და ა.შ., ამის მაგივრად, ადამიანი, რომელიც ჯერ მაყურებლად გაამწესეს დამოუკიდებელ ბიზნესში და შემდეგ კი განტევების ვაცად დანიშნეს, გამოიყვანეს და მას არნახული სიყალბე ალაპარაკეს. ვნახეთ მორიგი სერია, რომელიც არის არასასურველი მოწმეების ან დაშინება ან ლიკვიდაცია. მართლაც ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ყოფილი ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურის, რისი მინისტრიც იყო, ბატონი დავით ყიფიანი გეგონება დღეს გამოუშვეს იმ სარდაფიდან, სადაც ვინმე ფარცხალაძეს ჰყავდა ჩაკეტილი. სამარცხვინოა საქართველოს დღევანდელ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ლევან ყიფიანმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ფარული ჩანაწერების გაკეთება შესთავაზა. სპორტის ყოფილი მინისტრის თქმით, ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერები ვალის ჩამოსაწერად სჭირდებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები