16 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
მეხუთე დღე გატაცებიდან - მაია ოთინაშვილის მშობლები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა ქალბატონი მძიმედ ნაცემია

ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ახლობლები უკვე 5 დღეა, რაც ცხინვალში, მის მონახულებას ცდილობენ, თუმცა იზოლატორში არავის უშვებენ. მაია ოთინაშვილის მშობლები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა ქალბატონი მძიმედ ნაცემია და ოკუპანტები დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. გატაცებულის ოჯახს ეშინია, რომ შესაძლოა ახლგაზრდა ქალი ტყვეობაში გამოგონილი ბრალდებებით დიდხანს დატოვონ.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებულის ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

მაია ოთინაშვილის ოჯახს უსაფრთხოების სამსახურიდან არავინ დაჰკავშირებია. მათ დღეს ისევ მედიით გაიგეს, რომ საქართველოს გატაცებულ მოქალაქეს დეფაქტო პროკურატურამ, სასჯელი შეუცვალა და ორი თვის ნაცვლად 10 დღიან პატიმრობაში დატოვა. რა მდგომარეობაშია ცხინვალის იზოლატორში მყოფი 3 შვილის დედა, სახელმწიფო უწყებებში არავინ იცის. ოჯახი ეჭვობს, რომ მას მანამდე არ გამოუშვებენ, სანამ ცემის კვალი არ გაუვლის.

გატაცებულთან დაკავშირებით ახალი გარემოებები უკვე ცნობილია სახალხო დამცველისთვის. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონს ფიზიკურად ქარძმანში მდებარე რუსულ ბაზაზე გაუსწორდნენ და იზოლატორში მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს.

გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები, საოკუპაციო რეჟიმის პრობლემებზე ღიად ლაპარაკს უკვე ერიდებიან. კამერის მიღმა კი ყვებიან, რომ აქ დაცულად თავს ვერ გრძნობენ.

მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან შენიღბულმა და შეიარაღებულმა პირებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 5 დღის წინ გაიტაცეს. 37 წლის ქალი ე.წ მესაზღვრეებმა ცხინვალში იძულებით წაიყვანეს და ამ დრომდე ტყვეობაშია.

დღის ამბები