20 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
​ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე - დიპლომატებმა ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოისმინეს 

ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაკავებული მაია ოთანაშვილის გათავისუფლება დროულად მოხდეს.

„მინისტრმა მოიწვია შეხვედრა, რომ გაეცნო ვითარება მაია ოთინაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მუშაობს. ვცდილობთ ფაქტები დავადგინოთ და რაც შეიძლება მალე გადავჭრათ ეს საკითხი,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაქენზი სმიტი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და შეშფოთებულები ვართ მომხდარით. მოვუწოდეთ მათ, ვისაც ეს ეხება, გაათავისუფლონ ქალბატონი მაია ოთინაშვილი, რათა დაუბრუნდეს ოჯახს,“ - განაცხადა ჯასტინ მაქენზი სმიტმა.

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან.

„მორიგი პრობლემატური ეპიზოდის მომსწრე გავხდით. ძალიან დელიკატური სიტუაციაა, დაკავებულია სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით, ორშაბათს შეხვედრა გვექნება. დღის წესრიგში გაყინული კონფლიქტები იქნება. ეს საკითხიც შეიძლება წამოვწიოთ,“ - განაცხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ოკუპანტების მიერ სამი შვილის დედის გატაცების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომავალ კვირას, ჟენევაში მორიგი რაუნდი იგეგმება, სადაც ეს საკითხი დაისმევა.

„მომავალ კვირას, ჟენევაში იგეგმება მორიგი რაუნდი და ბუნებრივია, ამ რაუნდსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მთელი სიმწვავით დაისვას ეს საკითხი, რადგან ჩვენ ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი და ბერკეტი ავამოქმედოთ იმისთვის, რომ გამოვიხსნათ ჩვენი თანამოქალაქე ტყვეობისგან,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეხვედრას წინ უძღოდა პრემიერის განცხადება, რომლითაც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს გაიტაცეს.

დღის ამბები