13 ნოემბერი 2018,   23:09
ვრცლად
"მე მასწავლით, როდის უნდა გიპასუხოთ?" - ზურაბიშვილი სამოქალაქო სექტორის კრიტიკას უპასუხოდ ტოვებს 

სალომე ზურაბიშვილი 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს არ იზიარებს. პრეზიდენტობის კანდიდატმა „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ იცნობს განცხადების შინაარსს და მას არ ეთანხმება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ქსენოფობიურ განცხადებებს არ აკეთებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ნინოწმინდაში საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეთნიკურად თურქების ლობირებაში დაადანაშაულა, სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს.  

„რასაც ამბობენ ის წაკითხული მაქვს და თქვენს მიერ გამეორება არ არის საჭირო. თქვენ განცხადებებს აკეთებთ. პასუხს მე გაგცემთ იმ ადგილს, სადაც იქნება საჭირო... მე მასწავლით, როდის უნდა გიპასუხოთ?“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი..

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ეს არის პოლიტიკურ რეალობაში ისტორიული კონფლიქტის ხელოვნურად შემოტანის მცდელობა.

მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილს ქსენოფობიური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები