17 ნოემბერი 2018,   05:27
ვრცლად
უპრეცედენტო სკანდალი თავდაცვის სამინისტროში - სამხედროები შეირაღებული ძალებიდან შავ ბაზარზე ტყვია-წამალს ყიდდნენ

თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ლევან იზორია სკანდალში ეხვევიან. ქართველი ოფიცრები შეირაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე დაცული ბაზიდან ერთი წლის განმავლობაში შავ ბაზარზე ტყვია-წამალს ყიდდნენ.

ფაქტი დადასტურებულია და ბრალდებულები სამხედრო პოლიციამ 28 აგვისტოს საკუთარ სახლებში აიყვანა. თუმცა ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრს ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ჩნდება კითხვა -მფარველობდა თუ არა ლევან იზორია და შეირაღებული ძალების სხვა მაღალჩინოსნები საბრძოლო მასალების შავ ბაზარზე გატანის საქმეს.

საქმის მასალებით, თავდაცვის სამინისტროდან შავ ბაზარზე საბრძოლო მასალა ასეულის მეთაურის მოადგილეს - კაპიტან ზურა მანგოშვილს, კახა თედეიშვილს და სერჟანტ გიორგი გოგჩაშვილს გაჰქონდათ.

სამხედროებს თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ამბავი თავდაცვის სამინისტრომ დამალა და არ გაახმაურა. სანდო წყაროს ცნობით, დავალება სამინისტროს თანამშრომლებს ლევან იზორიამ მისცა. მას შემდეგ რაც „კურიერმა“ მომხდარზე ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო და მოქმედი სამხედროები ჩაწერა, თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, საგანგებო ბრიფინგი დაენიშნა და ფაქტი დაედასტურებინა.

საქმის მასალების მიხედვით, სამხედრო ბაზიდან გატანილი საბრძოლო მასალა ჯარისკაცებს სოლომონ ბლუაშვილთან მიჰქონდათ. სამოქალაქო პირი ბრალს აღიარებს და ადასტურებს, რომ ბოლოს სამხედროებმა საბრძოლო მასალა 28 აგვისტოს მიუტანეს.

როგორ გაჰქონდათ ყველაზე დაცული ობიექტიდან 12 თვის განმავლობაში ასობით საბრძოლო მასალა და ჰყავდათ თუ არა მფარველები სამხედრო მოსამსახურეებს, ”კურიერის” ამ კითხვებს იზორიას უწყებაში არ უპასუხეს. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მაღალჩინოსნები კი ლევან იზორიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები