25 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
კრემლის მორიგი შტურმი საქართველოზე - მოსკოვის მტკიცებით, თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ

რუსი გენერლები საქართველოს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში ადანაშაულებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილი დოკუმენტები მოიპოვეს.

დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ პათოგენებს ამუშავებენ და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავისი წყაროების გარდა, იგორ გიორგაძის განცხადებებსაც ეყრდნობა. დოკუმენტები პირველმა საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრმა გაასაჯაროვა. გიორგაძე აცხადებდა, რომ საიდუმლო მასალების მას საგანგებოდ ჩაუტანეს.

ახალი რუსული საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ დღეს რუსული მედიის მთავარი თემა იყო. რუსი ჟურნალისტები და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ თბილისიდან რუსეთში საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელება იგეგმება და ამერიკა საქართველოდან რუსეთზე ბიოშეტევის განხორციელებას გეგმავს.

საქართველოდან გასული დოკუმენტები პირველად ბულგარელი ჟურნალისტის გაიტრანჯიევას ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც არაერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველოში ბიოლოგიური იარაღს აწარმოებენ.

დავით სერგეენკოს უწყებაში დღეს ქვეყნის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე განმარტებები აღარ გაუკეთებიათ, გასულ კვირას კი მინისტრი „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი უწყება კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.

„რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ლუგარის ლაბორატორიის დირექტორმა განაცხადა, რომ ის რასაც მოსკოვი ყვება, მითია.

ამავე თემაზე
დღის ამბები