16 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
სქემა, რომლითაც ათობით მოქალაქე დაზარალდა - ორგანიზაცია „გზა სამართლიანობის აღდგენისთვის“ დირექტორს თაღლითობაში ადანაშაულებენ

მოქალაქეები არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა სამართლიანობის აღდგენისთვის“ დირექტორს თაღლითობაში ადანაშაულებენ. დაზარალებულების თქმით, იამზე სიჭინავა მათ რუსთავში იაფად და შეღავათიან პირობებში ბინების შეძენას სთავაზობდა. მოქალაქეების განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი მათ თანხას წინასწარ ართმევდა, თუმცა შემდეგ არც ფულს აბრუნებდა და არც ბინას უფორმებდა.

იამზე სიჭინავას წინააღმდეგ დაზარალებულებმა საჩივარი 2016 წელს რუსთავის პროკურატურაში შეიტანეს. ათობით მოქალაქის დაკითხვის მიუხედავად, გამოძიებამ ჯერ ვერაფერი დაადგინა. დაზარალებულებმა იამზე სიჭინავას და მისი თანამზრახველების დაკავებისა და საკუთარი თანხების დაბრუნების მოთხოვნით ახლა უკვე მთავარ პროკურატურას მიმართეს.

ოფისი, რომელშიც მოქალაქეები არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს ხვდებოდნენ, აღარ არსებობს. იამზე სიჭინავა არც დაზარალებულების სატელეფონო ზარებს პასუხობს. „კურიერმა“ მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა გადამღებ ჯგუფს მისი საცხოვრებელი სახლის კარი არავინ გაუღო, მის სახელზე გაფორმებული ექვსი სატელეფონო ნომრიდან კი არც ერთზე უპასუხა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე - თაღლითობის მუხლით იძიებს.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები