14 ოქტომბერი 2019,   08:48
ვრცლად
ჰკითხეს თვითმკვლელობამდე ხომ არ მიიყვანა ზაზა ოქუაშვილმა - ნატო ჩხეიძე მისი თანამშრომლის დაკითხვის მიზეზებზე საუბრობს 

ხელისუფლების საპასუხო თავდასხმა „ომეგა ჯგუფზე“ - საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს და მოწმეს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას ბიზნესის რეკეტში ამხელდა წლების წინ თაროზე შემოდებული საქმე გაუხსენეს.

დავით თოლორდავამ პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვის შემდეგ არ გამორიცხა, რომ ძალოვან უწყებაში დაბარება სწორედ "ომეგა ჯგუფის" სკანდალს უკავშირდებოდეს.

გამოძიებას თოლორდავასთან სამი წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, როდესაც მას საკუთარ სახლში მისი კუთვნილი იარაღიდან გაუვარდა და მძიმედ დაიჭრა. თოლორდავას ეგონა, რომ სამი წლის საქმე დაიხურა, თუმცა, დღეს სამართალდამცავები დაუკავშირდნენ და საქმის დახურვის მიზნით კიდევ დაიბარეს გამოკითხვაზე.

„2015 წლის ინციდენტთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული და ჰქონდათ შეკითხვები,. როგორც ჩანს, არ არის საქმე დახურული ჯერ და შეკითხვები ჰქონდათ, რომ როგორ მოხდა ეს შემთხვევა, გამივარდა, გავარდა, მესროლეს, ასეთი, პირადად მე მეხებოდა,“ - განაცხადა თოლორდავამ.

ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე ღიად ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოწმეების ტერორი დაიწყო.

ნატო ჩხეიძის თქმით, მას შემდეგ დაინტერესდნენ თოლორდავათი სამართალდამცავები, რაც რამდენიმე დღის წინ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოიკითხნენ მისი "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიის დირექტორები. ჩხეიძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დირექტორმა აუდიოჩანაწერებთან დასმული კითხვის შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ლევან ყიფიანთან ერთად თოლორდავაც იყო.

„ჰკითხეს ასეთი რამ, ის ხომ არ იყო თვითმკვლელობა და თვითმკვლელობამდე ხომ არ მიიყვანა ზაზა ოქუაშვილმა. ასე, რომ ამ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება იმ ვითარებას, რაც შექმნილია. არ უნდა ვიფიქროთ ასე. ეს არის ჯერ ფსიქოლოგიური ზემოქმედება „ომეგას“ თანამშრომლებზე და განსაკუთრებით მოწმეებზე და აქედან გამომდინარე უკვე განსაკუთრებით ზაზა ოქუაშვილზე და მათ შორის, ჩემზე,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები