25 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
„ამიტომ ღარიბდება საქართველო და მდიდრდება ბიძინა ივანიშვილი" - ოპოზიცია "გამჭვირვალობის" კვლევას ეხმაურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვით, წამყვან თანამდებობებს ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდნენ, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ოპოზიციის წევრები ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ყველა ბერკეტი ბიძინა ივანიშვილის ხელშია და შესაბამისად, მაღალ თანამდებობასაც მასთან მომუშავე პირები იკავებენ.

„ამიტომ ღარიბდება საქართველო ბოლო ექვსი წლის განმავლობაში და მდიდრდება ბიძინა ივანიშვილი. მისი პირადი დაცვის თანამშრომლები, პირადი ბანკირები, პირადი ფინანსისტები, პირადი ექიმი, ყველანი გადანაწილებული ჰყავს ყველა სფეროზე, მათ შორის სასამართლოზე, მათ შორის პროკურატურაზე და ყველაფერი არის ერთი ადამიანის ხელში. სწორედ ამის გამო, საქართველოში აღარც ინვესტიცია შემოდის, გაიზარდა კორუფცია, ყველაფერი დაბალ რგოლებშიც დაფუძნებულია ნეპოტიზმზე. ასე მთლიანად ინგრევა ქვეყანა, ეკონომიკა, ძვირდება პროდუქტები და ისევ და ისევ ზარალდება საქართველოს მოქალაქე,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურა მელიქიშვილმა.

ოპოზიციის შეფასებით, ქვეყანაში ყველა უწყებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს, მათ შორის ბინესწილების საკითხსაც თავად განკარგავს.

„კვლევიდან ვიგებთ, რომ ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ლოიალური და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მიმართ და არა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ბიზნესწილების დალაგებითაც თვითონ არის დაკავებული, ეს არის კლასიკური არაფორმალური მმართველობა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებს ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები