20 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
„პრობლემა სამხარაულის ბიუროში კი არ არის, პრობლემა არის მთლიანად, ჩვენ გვყავს ოლიგარქი" - გიგა ბოკერია

„პრობლემა სამხარაულის ბიუროში კი არ არის, არც პროკურატურაში, პრობლემა არის მთლიანად. ჩვენ გვყავს ოლიგარქი, რომელიც მართავს ასე ქვეყანას, რომ არ არსებობს არანაირი საზოგადოებრივი ინტერესი, გარდა მისი პერსონალური პოლიტიკური და მისი გარემოცვის ინტერესების გარდა,“- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სკანდალური აუდიოჩანაწერების ნაწილთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩანაწერებში არის წყვეტა და არათანმიმდევრულობა.

ბოკერიას შეფასებით, შეუთავსებელია, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ასკვნის, რომ ჩანაწერი თან დადგმული და თან არაავთენტიკურია.

„ეს განცხადებები, ჩანაწერები ერთდროულად ყოფილა თან დადგმული და თან არაავთენტური. შეუთავსებელი რაღაცეებია, ან დადგმულია ან არაავთენტურია. ეს რუსული პროპაგანდის პრინციპია, არ აქვს როგორ სისულელეს იტყვი და როგორ წინააღმდეგობრივ ფაქტს, მთავარია ბევრი თქვა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ის სასამართლო გადაწყვეტილება დადგმული იყო, არაავთენტური იყო, რომელიც იმ საუბრების შინაარსს ადასტურებს?“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პროკურატურის განცხადებაში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნაა მოყვანილი, რომლის თანახმადაც, ჩანაწერი, რომელიც "ომეგა ჯგუფის" წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილების შესახებ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტის ყოფილ მინისტრს შორის საუბარს ასახავს, არ არის ავთენტური. ასევე, დასკვნის მიხედვით, ჩანაწერი დამზადებულია მონტაჟის გზით და ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები