19 აპრილი 2024,   23:40
ვრცლად
„მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია TBC ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით"-ნატო ჩხეიძე

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნატო ჩხეიძემ განაცხადა, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია საქმის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც TBC ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი თანხის გატანას ეხება.

„მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ დიდ საქმეში ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია სწორედ იმ მანქანის მარკა და ნომერი მანქანის. TBC ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მზად არის გამოძიებას დისტანციურად მისცეს ჩვენება და ითანამშრომლოს მასთან, თუმცა ფიზიკურად ის საგამოძიებო უწყებაში არ მივა. ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის უსაფრთხოება დაცული არ არის, რის გამოც ის ამ დრომდე ლონდონში რჩება.

„ზაზა ოქუაშვილი აპირებს რომ  საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს და მისცეს ჩვენება და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე უპასუხოს. და გამოძიებისთვის მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ზაზა ოქუაშვილის პასუხები და არა მისი ფიგურა. დაცული არ არის მისი უსაფრთხოება მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიდ წესითა და კანონით არ ეხება ეს საკითხი, პირდაპირი მესიჯი მისცა ტელეეკრანის ეთერებიდან პროკურატურას თუ როგორ უნდა მოქცეულიყო,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები