20 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
დაკარგული სამი კიდური - ქართველი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს დაჭრილი ჯარისკაცების ფულის მითვისებაში ადანაშაულებს  

საჰაერო ძალების მაიორი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს დაჭრილი ჯარისკაცების ფულის მითვისებაში ადანაშაულებს. ვახტანგ დოლიძე ამბობს, რომ დუმილის დარღვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროკურატურის გავლით სამართალი ვერ იპოვა.

შეიარაღებული ძალების მაიორი ამტკიცებს, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნები იმ სამხედროების ფულს ითვისებდნენ, რომლებმაც მძიმე ტრამვები საზღვარგარეთ, სამშვიდობო მისიებში, მიიღეს და მკურნალობას უცხოეთში გადიოდნენ. ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი სამივლინებო თანხების ნაწილი ქრებოდა.

ავღანეთში მაიორი დოლიძე 7 წლის წინ დაიჭრა. დაკარგა სამი კიდური. თითქმის 2 წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. მაიორი ამბობს, რომ ამ პერიოდის მანძილზე მისი კუთვნილი სამივლინებო ხარჯებიდან, რომელიც კანონით ბიუჯეტიდან ეკუთვნოდა, სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ათასობით დოლარი მიითვისეს.

მაიორი დოლიძე ამტკიცებს, რომ ქრებოდა არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების ფულიც. თანხის მითვისება კი გაყალბებული ხელმოწერებით ხდებოდა. ამტკიცებს, რომ შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერაა, თუმცა, ის ხელს დოკუმენტს ფიზიკურად ვერ მოაწერდა, რადგან მარჯვენა კიდური უკვე ამპუტირებული ჰქონდა. ხელმოწერის გაყალბების ბრალდებით, ჯარისკაცმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს უჩივლეს. თუმცა, ამ დრომდე არ იცის, რა გამოიძია პროკურატურამ.

მაიარო ამტკიცებს, რომ დაჭრილი ჯარისკაცების ფულს ყველა მინისტრის დროს ითვისებდნენ, თუმცა, კონკრეტულ გვარებს, ვინ დგას ამ დანაშაულებრივი სქემის უკან, საჯაროდ არ ასახელებს. ერთადერთი, ვის ბრალეულობაზეც საუბრობს, სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ვეფხია ბერიძეა.

ჯარისკაცის მტკიცებით, გაიფლანგა არა მარტო სამივლინებო ხარჯები, არამედ დაჭრილი სამხედროები პროტეზებისთვის ბიძინ ივანიშვილის მიერ გამოყოფილი ფულიც.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ წლების განმავლობაში დაჭრილი მაიორის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სამინისტრომ ათობით ათასი დახარჯა და ავღანეთში დაჭრილი სამხედროს ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.

სამინისტროში აცხადებენ იმასაც, რომ სადავო სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით, შიდა გენინსპექციამ წლების წინ მოკვლევა ჩაატარა და გადაცდომები ვერ აღმოაჩინა, თუმცა, საქმე ჯერ არ დახურულა.

 

 

 

დღის ამბები