18 ივლისი 2019,   20:17
ვრცლად
გამოძალვა და კორუფცია, რომლის სათავეში დგას ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი - ოპოზიცია მორიგ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს ოპოზიცია ეხმაურება. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ჩანაწერების რაოდენობიდან და მისი შინაარსიდან გამომდინარე, მათ ავთენტიკურობაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანა იმართება არაფორმალურად. მისივე თქმით ხელისუფლების უმოქმედობა და "ოცნების" მიერ აღნიშნულ საქმეზე გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს, რომ სამთავრობო მანქანა ჩართულია კორუფციულ სქემაში.

„ამ ჩანაწერების სინამდვილე გამომდინარე ხელისუფლების რეაქციიდან და  გამომდინარე იმ ძალიან მძიმე და სამარცხვინო სპექტაკლიდან, რომელიც ვიხილეთ ლევან ყიფიანის თვითაღიარების და თვითგვემის ფონზე, არანაირ ეჭვს აღარ იწვევს, რომ საქმე გვაქვს მართლაც სახელმწიფო  კორუფციულ სისტემასთან, იმ სისტემასთან, სადაც სახელმწიფო  ინსტიტუტები იმართება არაფორმალურად. სახელმწიფო  ინსტიტუტები მომართულია მათი არაფორმალური მმართველების კორუფციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არა ხალხის. ხელისუფლების უმოქმედობა, ხელისუფლების  პასუხი გვაფიქრებინებს, რომ მთელი ხელისუფლება მართლაც ჩართული იყო ამ კორუფციულ სქემაში,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვს, ვინც ჩანაწერებში ფიგურირეს, თუმცა ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხდება. უდუმაშვილის თქმით, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური დღის წესრიგი და ამის შემდეგ ჩატარდეს გამოძიება.

„ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვინც ფიგურირებს ამ ჩანაწერებში, თუმცა მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ივანიშვილის პროკურატურა რეალურად გამოიძიებს ამ საქმეს. ამიტომ  უნდა შეიცვალოს პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში 28 ოქტომბერს და შემდეგ დაიწყოს უკვე რეალური გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ უკანასკნელი სკეპტიკოსიც კი ვინც ეჭვის თვალით უყურებდა ამ ჩანაწერებს, უკვე დარწმუნდა იმაში თუ ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ყაჩაღური დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის სათავეში ზის. რომელიც რეკეტით არის დაკავებული ბიზნესის მიმართ და ყვლიფავს საქართველოს მოსახლეობას,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის „საპრეზიდენტო კანდიდატი კი ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის თქმით, სწორედ ამის შემდეგ იტყვიან მისი ხელქვეითები სიმართლეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

„სახეზეა გამოძალვა და კორუფცია, რომლის სათავეში დგას ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილის. ყველა იქ მონაწილე პირი, მათი ხმა თუ მოქმედება არის ამ მთავარი მაფიოზაზგან შეგულიანებული და დაგეგმილი აქცია. საბრალდებო სკამზე ძალიან მალე უნდა დავსვათ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი და მისი ამფსონები მერე ისე აჭიკჭიკდებიან და ისე იტყვიან ყველაფერს, რომ შეიძლება ავტოკალამი და ქაღალდები გაატანონ იზოლატორებში,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

”კურიერის” მიერ მოპოვებული მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერებიდან დგინდება, რომ "ომეგა" ჯგუფისთვის ხელისუფლებას მხოლოდ 4 მილიონი ლარი არ წაურთმევია. რეკეტის შედეგად, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ოთხ მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მოლაპარაკებების დროს ოქუაშვილი ინტერესდება, არის თუ არა საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილი? მას ეუბნებიან, რომ ყოფილმა პრემიერმა ყველაფერი იცის და ფული ადრესატთან აუცილებლად უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიგარეტის ქარხანა არ ამუშავდება. საუბარი იმ დროს არის ჩაწერილი, როდესაც ლევან ყიფიანი სარდაფში, სავარაუდოდ, უკვე იმყოფებოდა და ოთარ ფარცხალაძე გაბრაზებულია. ჩანაწერში გიორგი გახარიას გვარიც ისმის. 

დღის ამბები