25 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
მოსამართლეების დანიშვნის გაჭიანურებული პროცესი - ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია კრიზისშია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.

დღეს მესამე ინსტანციას სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მხოლოდ ორი მოსამართლე ჰყავს, საქმე კი 400-ზე მეტია. უკვე 2 წელია, განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში ვერ მოხვდა პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი.

სისხლის სამართლის საქმეთა ორი მოსამართლიდან ერთს, პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა ორ კვირაში ეწურება. იმისათვის, რომ მესამე ინსტანცია პარალიზების საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო და 400-ზე მეტი საქმის ბედი ერთი მოსამართლის იმედად არ დარჩენილიყო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სილაგაძეს დღეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები უზენაეს ინსტანციაში არსებულ რთულ ვითარებას აღიარებენ, თუმცა პარლამენტის კრიტიკა და ანა დოლიძის მკაცრი ტონი მათთვის მიუღებელია.

ლევან ბოძაშვილი, ნანა თოდუა და თამარ ლალიაშვილი-მოსამართლეობის ეს სამი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს 2 წლის წინ წარუდგინა. ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტისთვის არც თანხმობა უთქვამს და არც უარი. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი განხილვას განზრახ აჭიანურებს. საპარლამენტო უმრავლესობაში აანონსებენ, რომ საკითხს არჩევნების შემდეგ მიუბრუნდებიან.

დღის ამბები