22 აგვისტო 2019,   05:40
ვრცლად
"თქვენი მოვალეობაა, გააშუქოთ არა ვითომ დაძაბულობა, არამედ ჩემი მოსაზრებები" - სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მითითება მისცა

„რუსთავი 2" და ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატი ამომრჩეველთან მისი შეხვედრის პარალელურად მიმდინარე აქციებით მედიის დაინტერესებამ გააღიზიანა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მიუთითა, რომ მათ უნდა გააშუქონ არა აქციები, არამედ მისი გამოსვლები.

„ტელევიზიები რატომღაც აქცევენ ამას მეტ ყურადღებას, ვიდრე ჩემს გამოსვლებს და ვიდრე იმას, რაც უნდა იყოს გადამწყვეტელი ამომრჩევლისთვის. ანუ გაიგოს, მე რას ვთავაზობ. ის, რომ ორი კაცი ყვირის გარეთ, არ არის გადამწყვეტი არჩევნებისთვის. თქვენი მოვალეობაა ის, რომ გააშუქოთ მაქსიმალურად არა რაღაც ვითომ დაძაბულობა, არამედ ჩემი წინადადებები, ჩემი მოსაზრებები,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2 -ის" ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს მიუთითა, რომ ის ვერ გადაწყვეტდა, რას გააშუქებდნენ ჟურნალსტები, კანდიდატმა განაცხადა, რომ მედიას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რას იტყვის და ეს უფლება აქვს მასაც. 

"ცალკე კატეგორია კი არ არიან ქვეყანაში ჟურნალისტები, ყველანი ვართ ერთნაირად. მეც მაქვს სიტყვის უფლება მეც მაქვს. თქვენც გაქვთ გადაღების უფლება, მე მაქვს უფლება იმისი თქმით, რომ უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ ორ სამ ადამიანს, რომელიც გამოდიან ერთი და იგივე ლოზუნგებით და არის ორგანიზებული აქციები, ვიდრე კანდიდატის მოსაზრებებს,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში გააკეთა, სადაც ის ამომრჩეველთან შეხვედრას მართავს. 

დღის ამბები