20 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
"ოკუპაციის თემა ნახსენებია რეზოლუციაში"- ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშში ინიცირებულ შესწორებებს კენჭი უყარა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ინიცირებულ შესწორებებს კენჭი უყარეს. დოკუმენტში შესულ 24 -ვე კომპრომისულ ვარიანტს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ამ სახით ანგარიშს დასამტკიცებლად უკვე ევროპარლამენტის სხდომაზე გაიტანენ, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

„დოკუმენტის რამდენიმე პუნქტში მედიის თავისუფლებაზეა საუბარი, ასევე საუბარია პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე. თუმცა საბოლოო ჯამში შეფასება საკმაოდ დადებითია. ჩვენ ველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს. იმედი გვაქვს, რომ იქნება უფრო მშვიდი საარჩევნო გარემო და უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას ველოდებით. საქართველოს ევროპული მომავალის აშენება შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობით. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი,“- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ხორვატიიდან, ვიქტორ ბოსტინარუმ.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მათ ამ დოკუმენტით აღიარეს ის სამუშაოები, რომელიც საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის გასწია.

„საუბარია ტექნიკური სახის მხარდაჭერაზე, რომელიც ქვეყანას იმპლემენტაციის შემდგომი ეტაპებისთვის დასჭირდება. რაც შეეხება ოკუპაციის თემას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ევროპარლამენტისთვის და ნახსენებიცაა ჩვენ მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ნებისმიერ ანგარიშში, რომელსაც მივიღებთ, ყოველთვის აღნიშნული იქნება, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია,“- განაცხადა  ევროპარლამენტის წევრმა დიდი ბრიტანეთიდან, კლერ მუდიმ.

ადრეი მამიკინსის მომზადებულ ანგარიშში საუბარია „რუსთავი 2-ის“ და ვანო მერაბიშვილის საქმეებზე, ასევე, აფგან მუხთარლის საქმეზე.

შესწორებებში საუბარია არჩევნებზეც, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭირვალედ. ამასთან ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ანგარიშში საუბარია ასევე რუსეთის აგრესიაზე. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსეთის მხრიდან ეს არის არალეგალური ოკუპაცია. ევროდეპუტატები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას გააძლიერონ საქართველოს თანადგომა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები