18 აპრილი 2024,   23:47
ვრცლად
"რუსთავი2"-ის საქმე, ელიტური კორუფცია, სასამართლო სისტემა, საარჩევნო გარემო - ევროკავშირის ანგარიშში შენიშვნები დაფიქსირდა

ელიტური კორუფცია, სასამართლო სისტემა, საარჩევნო გარემო და რუსთავი2-ის საქმე - ეს ის შენიშვნებია, რომლებიც ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში საბოლოოდ დაფიქსირდა. 

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ დამოუკიდებელი მედიისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ამბობენ, რომ რუსთავი2-ის საქმე ახსოვთ.

ევროპარლამენტს ყურადღების მიღმა არც ის დარჩენია, რომ საქართველოს ამ დრომდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, თბილისიდან გატაცების საკითხი.

ევროპარლამენტარი ალდეს ჯგუფიდან, პერტას ასტრევიჩუსი, ერთ-ერთი შესწორების ავტორია, რომელიც ვანო მერაბიშვილს ეხება.

კომპრომისულ ვარიანტში ეს შესწორება კიდევ ერთხელ მიუთითებდა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა.

ანგარიშში შესულ შესწორებებში წერია, რომ ევროპარლამენტი საპრეზიდენტო არჩვენებსაც დააკვირდება და მიუთითებს, რომ ცესკო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს, ხელისუფლებამ კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ უნდა დაუშვას.

კომპრომისულ ვარიანტში საკმაოდ ვრცლადაა საუბარი სასამართლოზე, საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც არ უზრუნველყოფს საპროკურორო საბჭოს ნეიტრალობას.

ევროპარლამენტარების აზრით, დაბალ და საშუალო დონეზე კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს, მაგრამ სერიოზულ პრობლემად რჩება მაღალი დონის ელიტური კორუფცია ქვეყნაში.

შესწორებებში აღნიშნულია, რომ ომიდან 10 წლის თავზე რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. დოკუმენტში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები